კახა კალაძე - თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი დასრულების ეტაპზეა.
მისივე თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.
„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მათ შორის, ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მ/რ-ში დასრულდა ღია ტიპის სკეიტმოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში; დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; ასევე სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2023 წელს დასრულდა დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი, ასევე ავეჯისა და ტრენაჟორების შესყიდვა, ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.
„დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი, მარტში დაიწყება სამუშაოების მეორე ეტაპი. მიმდინარეობს ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის ზაფხულში; სოფელ დიდ ლილოში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე; დასრულების ეტაპზეა ვერის კორტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის. იგეგმება მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლა; მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის; მიმდინარეობს თანხების მოძიება თემქის კომპლექსის, ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრისა და ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის, ასევე, ისანში გადახურული სკეიტმოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.