უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დღეიდან იწყება.
„დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც, შეიძლება ითქვას, ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ასევე, მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა. ჯამში, 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში დაახლოებით, 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები დაფიქსირდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
„ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე შესაბამის სამუშაოებას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.
„მომავალ წელს, გვინდა, რომ ცენტრალურ მაგისტრალს სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. გარდა ამისა, რობაქიძის გამზირის კაპიტალური სამუშაოები დაიწყება – დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. ასევე, თბილისი-ნაფეტვრების გზის კაპიტალურ სამუშაოებს ვიწყებთ. ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ სამუშაოებსაც ვგეგმავთ, სადაც სანიაღვრეებისა და წყალარინების მიმართულებით, სერიოზული პრობლემებია. იგეგმება ასევე, შავი ზღვის, ფალიაშვილის, კოსტავა-შარტავას ქუჩების კაპიტალური სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები დედაქალაქში ერთდროულად, არასდროს ჩატარებულა.