დედაქალაქში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ილია ჭავჭავაძის სახლში გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება, რომ პირველი ქართული სანოტო სტამბაც აღდგეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ მუზეუმს რამდენიმე დღეა, ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
„რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო. ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე, თუ საგამოფენო სივრცე. ყველას ვურჩევ, თავად ნახოს შესრულებული სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.