თბილისში მეორადი საბურავების, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების რეალიზებაზე კონტროლი მკაცრდება
თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების რეალიზება მკაცრად გაკონტროლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი სახის პროდუქტის განთავსება და რეალიზება ახალი წესებით დარეგულირდება.
„მხოლოდ დაშვებულ ზონაში განთავსდება და რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით. ჩვენ ამას გვკარნახობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ბევრი ადგილი გაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მაგალითი ჩვენთან ახლოს არის – ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელი ზონაა და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების ყიდვა-გაყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის შეფასებით, ეს გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„ეს ყველაფერი უნდა იქნას დარეგულირებული. გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას ასეთ სამეწარმეო და საცხოვრებელ ადგილებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ქალაქში მსგავსი ზონებით არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, აღწეროს ტერიტორიები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.