კახა კალაძე - თბილისში ისტორიული ძეგლების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა ძველი თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე პროექტებზე, რაც თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, ქალაქის სიმდიდრის შენარჩუნება პრიორიტეტული და ძალიან მნიშვნელოვანია.
„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია – ჩვენი ისტორიული ძეგლები და ისტორიული არეალები. ამ მიმართულებით დავიწყეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ერთ-ერთია ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით 70 მილიონი ლარი ჯდება. აქ მიმდინარეობს 20 შენობა- ნაგებობის აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომელთაგან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. განხორციელდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, დასრულებულია კომუნიკაციების მოწესრიგება. პროექტი დასრულდება იანვარ-თებერვალში. ასევე მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება. აქაც 20-მდე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდება, რომელთაგან 15 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის შემოდგომაზე პროექტი იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, რაშიც მუნიციპალიტეტს მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლება.