კახა კალაძე - თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა რომ მძიმეა, ერთ რომელიმე მიმართულებას ვერ დავაბრალებთ
თბილისში რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ეს რომელიმე ერთ მიმართულებას არ შეიძლება დავაბრალოთ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„პრობლემას ბევრი კომპონენტი ქმნის. აუცილებელია ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, სამშენებლო პროცესების მოწესრიგება და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისი მერმა ტაქსებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რაოდენობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
„ზოგი 20 000–ზე საუბრობს, ზოგი – 30 000–ზე, მაგრამ თბილისში რამდენი ტაქსი დადის, ამის არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. ჩვენ კონკრეტულ დოკუმენტზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ. შესაბამისად, ამის შესახებ განვაცხადებთ. კონკრეტიკისგან ჯერჯერობით, თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ქალაქში ტაქსების მიმართულება აუცილებლად მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ქალაქის ახალ ბიუჯეტში რატომ არ არის გათვალისწინებული ავტობუსების პარკის განახლების თანხა, კალაძემ განაცხადა, რომ თანხები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან უნდა იქნას მოზიდული ისევე, როგორც ეს არსებულ ლურჯ ავტობუსებზე მოხდა.
„ავტობუსების პარკის განახლებისთვის ბიუჯეტის თანხას ვერ დახარჯავ. გვინდა, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ ეკონომიკური გაძლიერება ტყეების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხარისხიანად, სუფთად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.