კახა კალაძე - თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან, ასეთი სამართალდარღვევის გაჭირვებით გამართლება დაუშვებელია
დედალაქაის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებების დაცვა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი სამართალდარღვევის სოციალური მდგომარეობით გამართლება დაუშვებელია.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ბრიფინგზე ისაუბრა, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მიმდინარეობდა, რაც ძალიან ცუდია.
მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ მასზე უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებისგან. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების, ადამიანების, რომლებსაც ნამდვილად უჭირთ და რომლებსაც სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. თუმცა შემთხვევით არ არის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ზუსტად იმ მიმართულებით არის გათვალისწინებული, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
მომავალ წელს ამ მიმართულებით 350 მილიონი იქნება დახარჯული. როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველი, რასაც ვაკეთებთ არის, რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, რათა ამ ადამიანებს დავეხმაროთ. მაგრამ ქონებების უკანონოდ მიტაცება და მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ, რადგან შესაძლოა, ხვალ კერძო საკუთრებაში ვინმემ განათავსოს ამდაგავრი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ეს მისი საცხოვრებელი ადგილია. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია. თუკი ადამიანს თავშესაფარი უჭირს, რა თქმა უნდა, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას ან უნებართვო მშენებლობის განხორციელბას ვერ გაამართლებს. იმ ადამიანებს, ოჯახებს, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა, ყოველწლიურად დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ, გავიყვანოთ ქირით, რათა ისინი არ დარჩნენ ქუჩაში.
ამ ბოლო მოკვლევებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ამ ადამიანებს, ბევრ მათგანს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვთ, სხვადასხვა რაიონში, სოფლებში, მათ შორის დედაქალაქში, მაგრამ ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მაგრამ მეხუთე ისე მრჩება და მივიტაცო სახელმწიფოს მიწა. ეს დამოკიდებულება არაფერში არ ჯდება. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და ასი ბინა აყიდვინოს, მაგრამ არგუმენტად როდესაც მოგყავს, რომ ოთხი ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს, მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, ეს დამოკიდებულება არაფერში არ ჯდება.
გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ დაკანონებები, ერთ ლარად გადაცემა იმ საცხოვრებელი ბინების, სადაც ოჯახები ათეული წლებია ცხოვრობენ და ამ ადამიანებს ნამდვილად არავითარი საცხოვრებელი ფართები არ უფიქსირდებათ. 1 300-ზე მეტ ადამიანს უკვე დავუკანონეთ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ აფსად იქნა გადაცემული. ზოგიერთი ეცადა, იქნებ მოვატყუოთ თბილისის მთავრობა, ამ პროგრამის ფარგლებში გავძვრეთ, სახელმწიფო მიწა მივიტაცოთ, რა მოხდა, შემდეგ დაგვიკანონებენო. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს განხორციელდა უკანონო შენობა-ნაგებობებიოს დემონტაჟი. მათ მანამდე მიცათ ოთდღიანი ვადა, თავად განეხორციელებინათ დემონტაჟი. რამდენიმე ადამიანმა ეს გააკეთა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ოთხი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი კანონდამრღვევებმა თავად მოახდინეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კი შვიდივე შენობა-ნაგებობის სრულად დემონტაჟს დღესვე დაასრულებს.