კახა კალაძე - თბილისის მერიის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამით 196 ბენეფიციარი, „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში კი, 125 966 მომართვა დაფინანსდა
„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში 2023 წლიდან დღემდე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ყურადღება „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის შესახებაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განვაცხადე, რომ ვიწყებდით „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას. ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 1 500 000 ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს.
„მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია. პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.