კახა კალაძე - თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედი ქსელის დახვეწისთვის საჭირო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელზე დაკვირვებას თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, რათა აღმოიფხვრას მცირე ხარვეზები, რომელიც გამოვლინდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და მის შედეგებზე ისაუბრა.
„როგორც იცით, დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. მოგეხსენებათ, გასულ წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მონაწილეობით, დასრულდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა, რომელზე დაყრდნობით, შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადებისა და მოქალაქეთა მობილობის საჭიროებათა გათვალისწინებით, დაიგეგმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, რომელმაც ერთ სატრანსპორტო და სატარიფო სისტემაში გააერთიანა აქამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი მიკროავტობუსები, ავტობუსების ქსელი და თბილისის მეტროპოლიტენი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, რეფორმის ძირითადი ეტაპის შემდეგ, ახალი ქსელის დანერგვამ შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, ქალაქის სხვადასხვა რაიონში იმ უბნების ქსელში ჩართვით, რომელსაც აქამდე არ ემსახურებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი.
„სამწუხაროდ, იყო ისეთი უბნები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა, ან ძალიან დიდი იყო მოცდის დრო – ერთი საათი უწევდათ მოქალაქეებს ლოდინი. ჯამში,საუბარია ამგვარ მიკროავტობუსის 46 და ავტობუსის 17 მარშრუტზე. ამავე მიზნით, დამატებით, დაგრძელდა 13 მარშრუტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პირველი თებერვლიდან, ახალი მარშრუტების პარალელურად, ამოქმედდა სააბონემენტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვა ვადიანი სააბონემენტო ბარათებით, მათი საჭიროების მიხედვით. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად, საათ-ნახევრიანი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი გავრცელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაზე.
„რეფორმამ შესაძლებელი გახადა, მარშრუტების ოპტიმიზაციის შედეგად, მიგვეღო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური მოლოდინის დრო მოძრაობის პიკურ პერიოდში შემცირდა15 წუთამდე. ამ მიმართულებით, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. კონკრეტულ ქუჩებზე სპეციალური ზოლები გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება და დროულად მისვლა დანიშნულების ადგილზე.ქსელის დანერგვის პარალელურად, უკვე დასრულდა ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკის განახლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეზღუდული ტევადობა, თუმცა, რეფორმის ეს საფეხურები, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო ეტაპი. იცით, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც ტრანსპორტის აღნიშნულ ქსელს აქვს, აუცილებლად გამოსწორდება.
„ამ ყველაფერს რატომ ვლაპარაკობ: ჩვენ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური რეფორმის განხორციელება. ცხადია, ყველა რეფორმას აქვს თავისი ხარვეზი და ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმასაც შეიძლება გარკვეული ხარვეზები ჰქონოდა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი ან მარშრუტს სჭირდება დაგრძელება. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება არსებულ ქსელზე, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა- ახალი ქსელის, ახალი მიკროავტობუსის დამატება, დამატებითი ავტობუსის გაშვება კონკრეტულ მარშრუტზე და ა.შ. ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც დღეს არსებობს, იქნება გამოსწორებული. ყოველდღიურად მიმდინარეობს დაკვირვება იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. ამ რეფორმის ფარგლებში გავაგრძელებთ ზედამხედველობას და სადაც პრობლემა იქნება, მაშინვე მოხდება ჩარევა და პრობლემის გამოსწორება“, – განაცხადა კახა კალაძემ.