კახა კალაძე - თბილისის ცენტრალური პარკი მორგებული იქნება ყველა თაობის ადამიანზე, იქნება პატარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასაკიანი ადამიანებისთვის განკუთვნილი სივრცე
თბილისის ცენტრალური პარკი მორგებული იქნება ყველა თაობის ადამიანზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„პარკში იქნება განსაკუთრებულად პატარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასაკიანი ადამიანებისთვის, ყველასთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ადამიანს შეეძლება მისვლა, დასვენება, განტვირთვა, სპორტით იყოს დაკავებული და ა.შ. ანუ იქნება ძალიან მაგარი სივრცე, სადაც ადამიანი თავს იგრძნობს მშვიდად, დასვენებულად. უკვე შერჩეულია სამშენებლო კომპანია, თუ ვინ აწარმოებს სამუშაოებს. ხვალ იქნება პრეზენტაცია და მომდევნო დღეების განმავლობაში უშუალოდ სამუშაოების დაწყება. მაქსიმუმ მომდევნო ორი-სამი დასჭირდეს ამ პროექტის განხორციელებას, თავისი მწვანე სივრცეებით, ხე-ნარგავებით და ა.შ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ ემთხვევა პროექტის პრეზენტაცია არჩევნებს, რადგან არასამთავრობოები თბილისის მერიას ბევრად ადრე მოუწოდებდნენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობისკენ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია კერძო იყო და მერია ვერაფერს გააკეთებდა.
„თბილისის მერიას მოუწოდებდნენ, ეს არასწორი ნათქვამია. ეს იყო კერძო ტერიტორია, ამიტომ თბილისის მერია ვერაფერს გააკეთებდა. ჩვენ არ ვართ დაკავებული კერძო ტერიტორიების დატაცებით, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც არის, უფრო სწორად იქნება ქალაქის ფილტვები, გადმოეცა საჩუქრად მუნიციპალიტეტს და ფონდი „ქართუ“ თავისივე თანხებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ჩართულობით, უსასყიდლოდ, ერთი თეთრის დანახარჯის გარეშე მუნიციპალიტეტის მხრიდან, ყველაფერს თვითონ აკეთებენ და ესეც იქნება საჩუქრად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერ კახა კალაძისა და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი.