კახა კალაძე - ვაკეში ერთ ღამეში 32 დგარი გაანადგურეს, თბილისი ყველას ქალაქია და ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ გაერთიანებაა საჭირო.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვანდალიზმის ფაქტები მიუღებელია, რომელიც დედაქალაქში ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებზე მრავლად ფიქსირდება.
„სამწუხაროდ, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან სამუშაოებში, რომლებსაც ვახორციელებთ, დიდი ძალისხმევა იდება, რათა ყველაფერი ლამაზი, მაღალი ხარისხის და მოწესრიგებული იყოს. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს ქალაქი ყველასია. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, გვექნება ერთსულოვნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. იმ პროექტებით, რომელიც ქალაქში ხორციელდება, ყველამ უნდა ისარგებლოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, თუ სხვა პარტიის მხარდამჭერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, სადაც ასახულია, როგორ დააზიანეს ჭავჭავაძის გამზირზე ახლად დამონტაჟებული ბოძკინტები.
„ჩვენ ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს და ძალიან კარგი პროექტი გამოდის, სამუშაოების პარალელურად, ტროტუარის მოწესრიგება დავიწყეთ, რომელიც ფილებით მოპირკეთდება. ვიცით, რამხელა პრობლემას წარმოადგენდა ტროტუარის საპარკინგე ზონად გამოყენება. ამ დროს, ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება ეზღუდებოდათ. შესაბამისად, სპეციალური დგარებით, იგივე ბოძკინტებით ტროტუარის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ, თუმცა ერთ ღამეში, დაახლოებით, 32 დგარი მოჭრეს და გაანადგურეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მანქანით აზიანებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი, მოჭრეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა.
„კონკრეტული პარტიის წევრებს სოციალურ ქსელში გამოტანილი ჰქონდათ ეს ფოტოები და საუბრობდნენ, თუ როგორი უხარისხოა იქ ჩატარებული სამუშაოები. გულდასაწყვეტია ეს მიდგომა. ზოგადად, ეს დგარები ახალია და თანამედროვე მასალისგან არის დამზადებული. ეს არის პოლიმერული სპეციალური მასალა, რომელიც ასეთი პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენება. მგონია, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ის რაც ქალაქში კეთდება, ყველასია და რაც პრობლემაა, ამასაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ. პოლიტიკა ცოტა ხნით გადავდოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რადგან ამ ქალაქში ოჯახებით ვცხოვრობთ და ის, რაც კეთდება, ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და მომავლისთვის არის განკუთვნილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გავერთიანდებით და ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.