დღეს მე, როგორც ქალაქს თბილისის არჩეული მერი, მოგმართავთ თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და გთხოვთ გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.
კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„დღეს, აქ, თბილისის საკრებულოს შენობაში ვიმყოფებით ადამიანები, ვისაც თბილისელებმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მართვა გვანდეს. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი ამისთვის მადლობას თითოეულ თბილისელს, ჩვენი გუნდის მიმართ გამოხატული ნდობისთვის, იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა ვიზრუნოთ თბილისზე და ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავალი. მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქის საკრებულოზე და თითოეული ჩვენგანი, მმართველი ძალის, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, განურჩევლად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას, თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიით და განუმეორებელი კოლორიტით.
„ალბათ ყველა „ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი გამორჩეულია თავისებურად. თუმცა თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ სწორედ მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გაფანტული ადამიანები ქმნიან. სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვალდებულები ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურენციის მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ მოქალაქემდე მიტანის საკითხში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ არაა უბრალო სიტყვები, ან მხოლოდ საარჩევნო სლოგანი. მწამს, რომ დღეს, მით უმეტეს, მსოფლიო პანდემიის ფონზე, სწორედ ეს თითოეული უბნის, ამ უბნებში მცხოვრები თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ ადამიანამდე მიტანა, უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და მთავარი საზრუნავიც. გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქისა და აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად, გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„დღეს მე, როგორც ქალაქს თბილისის არჩეული მერი, მოგმართავთ თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და გთხოვთ გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა. ახლა კი, მოკლედ განვიხილოთ როგორც უკვე განხორციელებული, ისე მიმდინარე თუ მომდევნო წლებისთვის დაგეგმილი მასშტაბური პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისელებთან ერთად უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
„ჩვენ ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გასაჭრელად არ არსებობდა ერთიანი ხედვა და მიდგომა, მდგრადი განვითარების გეგმა, თუმცა დარგის სპეციალისტებთან, კერძო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად შევძელით, რომ მიგვეღო ქალაქის კონსტიტუცია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც ქაოტური განაშენიანების დასასრულის და თბილისის ევროპული ტიპის ქალაქად ქცევისთვის ჩაყრილი საძირკველი იყო. ამავდროულად დავაწესეთ ახალი სამშენებლო სტანდარტები. ყველა მშენებლობისთვის სავალდებულო გავხადეთ დენდროლოგიური და სატრანსპორტო პროექტი. ჩვენ შევძელით საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია, შემოვიყვანეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები (716 ერთეული), დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ოთხი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათასამდე სკვერს და 15 პარკს, დამატებით ვაკეთებთ 5 ახალ პარკს; შევქმენით ახალი მწვანე სივრცეები, მათ შორის 100 ჰა მწვანე კუნძული. თბილისს შეემატა 138 ათასი კვ/მ სატყეო ზონა და 4 მლნ კვადრატი მწვანე სივრცე, დაირგო 300 ათასზე მეტი ხე. განვახორციელეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა უბანში ფუნდამენტურად განვაახლეთ კომუნიკაციები. შევედით ისეთ უბნებშიც, სადაც აქამდე არაფერი იყო გაკეთებული. ბიუჯეტმა, ჩვენი თბილისის მთავრობაში მოსვლის პირველივე წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა და ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. ამან, ჩვენ მოგვცა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი პროექტის განხორციელების, ისე ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოების და ამ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობა. ამ ოთხი წლის მანძილზე, უამრავ მოქალაქეს გადავურჩინეთ სიცოცხლე, გავუუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და შევუმსუბუქეთ ყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მან და მისმა გუნდმა გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, თითქმის ყველა დაპირება შეასრულა და დღეს თბილისი გადასაადგილებლად უფრო კომფორტული, სწრაფი, უსაფრთხო ქალაქია, უფრო მწვანე და მოწესრიგებულია, ვიდრე ოთხი წლის უკან იყო.
„მე აღარ გავაგრძელებ ყველა მიმართულების გამოყოფას, თუმცა ფაქტია, მე და ჩემმა გუნდმა გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, თითქმის ყველა დაპირება შევასრულეთ და დღეს თბილისი გადასაადგილებლად უფრო კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო ქალაქია, თბილისი უფრო მწვანე და მოწესრიგებულია, თბილისი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე ოთხი წლის უკან იყო. გაკეთებული საქმეების მიუხედავად, კმაყოფილების საბაბი იქამდე ვერ მექნება, სანამ თუნდაც ერთ ოჯახს უჭირს ჩვენს ქალაქში და სანამ ყველა უბანში მეტი სიცოცხლე არ შევა და სანამ თბილისი წამყვან ევროპულ ქალაქებს არ გაუტოლდება ყველა მიმართულებით. მანამდე კი, ბევრი პრობლემის და გამოწვევის დაძლევა მოგვიწევს, თუმცა მე და ჩემს გუნდს გვაქვს ქალაქის განვითარების რეალური ხედვა და რესურსი, რომ ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ აღოვფხვრათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.