თბილისი საერთაშორისო ფორუმს, „ძლიერი ეკონომიკა ძლიერი ქალაქი“ უმასპინძლებს
თბილისი 31 მაისს საერთაშორისო ფორუმს, „ძლიერი ეკონომიკა ძლიერი ქალაქი“ უმასპინძლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ფორუმზე საუბარი იქნება თბილისში არსებულ ურბანულ გამოწვევებზე.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ქალაქის ურბანული განვითარება. არავის გვსიამოვნებს, თუ სად მივედით დღეს და რა მდგომარეობაა ურბანული განვითარების თვალსაზრისით. რაც გაფუჭდა, იმას რთულია, რამე მოვუხერხოთ და შევცვალოთ. თუმცა, მთავარი არის ის, რომ მომავალში არ გავაფუჭოთ და არ დავაზიანოთ, სწორად განვავითაროთ ქალაქი, არ გაიცეს ისეთი ნებართვა, რომელიც მიუღებელია და პრობლემას წარმოდგენს ურბანული თვალსაზრისით. ამ თემაზე სამსჯელოდ თბილისში გვინდა, ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი, „ძლიერი ეკონომიკა ძლიერი ქალაქი“, სადაც საუბარი იქნება ურბანულ გამოწვევებსა და რა ნაბიჯები არის გადასადგმელი.
ეს არის რიგით მეთერთმეტე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი, რომლსაც 31 მაისს უმასპინძლებს თბილისი. მოწვეული არიან, როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.