კახა კალაძე - თავს ვაძლევ უფლებას, მეც ვისაუბრო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებაზე, არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, ამას მხოლოდ მივესალმები
ჩემთვის სასიხარულოა, რომ ზაარბრიუკენის მოედანზე გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას, რომელიც დროებით არის დადგმული, გამოხმაურება მოყვა და ეს საკითხი აქტუალური აღმოაჩნდა საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
„მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ დროებით ქანდაკებას. თავს ვაძლევ უფლებას, მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხზე. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, ამდენი ხელოვნებათმცოდნე თუ გვყავდა ქვეყანაში, ეს სასიხარულოა და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იციან აღნიშნულთან დაკავშირებით.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავის მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსება მოახდინოს და გახადოს მიზანშეწონილი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს ხელი შევუწყოთ, ჰქონდეთ მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისგან. მინდა, გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაიონებში კონკრეტულ ადგილებზე იქნება გამოყოფილი სივრცეები, სადაც განთავსებული იქნება დროებით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ჩვენ მომავალშიც ვგევმავთ კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის საავტორო ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებითვის. ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატება, მინდა, ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა, თუმცა მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია დიდი დისკუსია საზოგადოებაში, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობს ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. ყველას გვერდით დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს აკეთებს და გააკეთებს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.