კახა კალაძე - თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, ჩვენ შევძელით და დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით საქართველო 41-ე ადგილზეა, არის მოქმედი ხელისუფლების მიღწევა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.
„ამ რეალობის მიღება ბევრს არ სურს და სურვილი აქვთ, რომ რეალობა შეცვალონ. მცდელობა აქვთ, ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯები, ყველა კრიტერიუმით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს და საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ უსამართლო დამოკიდებულება, ასევე, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვასწრებთ.
რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ბიზნესი სრულად თავისუფალია და სახელმწიფო არ მოქმედებს ისე, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, არ ხდება ბიზნესების გადაფორმება, წილების წართმევა და ა.შ. ნახეთ რა ხდება ციხეებში, როგორი მდგომარეობაა, როგორი დამოკიდებულებაა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.