კახა კალაძე - თავი არ უნდა დავხაროთ, თვალებში ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის, ჩვენს პარტნიორებზე როცა ვსაუბრობთ, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც
თუნდაც ჩვენს მეგობრებს როდესაც აქვთ მცდელობა, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს – შეუშლის თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს, ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ძალადობა და ანტიდასავლურო განწყობები?
აღნიშნულის პასუხად თბილისის მერმა ჟურნალისტს მიმართა, რომ ვერ მოიყვანდა ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას ან ძალადობის წახალისების ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას. ვერ მომიყვანთ, რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. გუშინ მაგალითი მოვიყვანე, როდესაც პოლიციელს, მაგალითად, „მოლოტოვოს კოქტეილს“ ესვრი, გაქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები გამოდიან და აქვთ მცდელობა, რომ გმირად შერაცხონ ეს ადამიანი, ეს ძალიან დამაზიანებელია და ძალიან ცუდია. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ.
როდესაც აქვთ მცდელობა თუნდაც ჩვენს მეგობრებს, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში. როდესაც გეუბნებიან თეთრზე, შავიაო, არ უნდა მისცე ამის საშუალება და ამის უფლება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს პარტნიორებზე, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც“, – განაცხადა კალაძემ.