კახა კალაძე - ტაქსით მომსახურების სერვისი იქნება ძალიან მაღალ დონეზე, ეს კი ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, ტაქსის მძღოლები ვალდებული იქნებიან, მგზავრებს კარგი სერვისი შესთავაზონ. როგორც მერმა აღნიშნა, ამის პარალელურად მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება.
„ზოგადად, თქვენ იცით, რომ მოქალაქეები, რომლებიც ტაქსის მომსახურებით სარგებლობენ, ითხოვდნენ ამ სერვისის მოწესრიგებას. ეს ეხება როგორც ავტომობილს, ასევე მძღოლს. არსებობს კითხვები, ბევრმა არ იცის ქუჩები. იმ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება იქნება მოწესრიგებული, ძალიან მაღალ დონეზე.
თვითონ ტაქსის მძღოლების მხრიდან ასევე ავტომობილები იქნება მოწესრიგებული, რაც ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას. თუმცა პარალელურად მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული” – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.