კახა კალაძე - ტაქსის სერვისი უნდა იყოს მოწესრიგებული ისევე, როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები, მეტრო, ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს
ტაქსის მძღოლებისთვის პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა არის ერთჯერადი აქტი, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტაქსების რეფორმა წარმატებით ხორციელდება და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული უნდა იყოს.
„როდესაც ქალაქში გადაადგილდებით, ხედავთ ალბათ თეთრ, მოწესრიგებულ ტაქსებს, თავისი ახალი მანათობლებით. რეფორმის განხორციელება მიმდინარეობს ძალიან დიდი წარმატებით. დღეს უკვე ქალაქს ეტყობა წესრიგი. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, სერვისი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მიკროავტობუსები, მეტრო, ყველაფერი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. რაც შეეხება ჯარიმების ჩამოწერას, ეს იყო ერთჯერადი აქტი, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.