პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ტაქსების რეფორმა არ გადავადდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ეს რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და აუცილებლად განხორციელდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აქვთ ყველანაირი სურვილი, დედაქალაქის მერიას ხელი შეუშალონ მნიშვნელოვან, საინტერესო რეფორმებში, მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი გამოუვათ და ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე დღეა, საზოგადოება ისმენს ე.წ. ტაქსის მძღოლების განცხადებებს, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.
„ეს ადამიანები ჩემთვის საინტერესოები არ არიან, რადგან ამ განცხადებებში ძირითადად, პოლიტიკური შინაარსის მესიჯებია. ჩვენ არა ერთი შეხვედრა გვქონდა საინიციატივო ჯგუფთან და ეს შეხვედრები კვლავ გრძელდება. შეხვედრების ფარგლებში ბევრ შეთანხმებას მივაღწიეთ და ბევრ დათმობაზე წავედით“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მსოფლიოში არ არსებობს რეფორმა, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება და ტაქსების რეფორმა იყო აუცილებლად განსახორციელებელი, რათა ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა მოწესრიგდეს.
„ეს არის მხოლოდ დასაწყისი – მინიმალური რეგულაციები, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ. ამაზე კამპანია იყო; ხდებოდა ამ ადამიანების წინასწარ ინფორმირება და დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი იქნება – როგორც ტაქსის მძღოლები, რომლებიც სერვისს ახორციელებენ, ასევე ტაქსით მოსარგებლე ადამიანები“, – განაცხადა კახა კალაძემ.