კახა კალაძე - სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება
სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო.
„ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება, საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს. სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მივიდა არჩევნებზე.
„მადლობა მინდა გადავუხადო ასევე დამკვირვებლებს, უცხოელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედიას. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, რომელსაც ოპოზიციის უპრეცედენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა ხმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.