კახა კალაძე - „სვეტს“ არ გააჩნდა კონკრეტულ ადგილებზე სამშენებლო ნებართვა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ ჰქონდა დაცული
კომპანია „სვეტს“ სამშენებლო ნებართვა არ გააჩნდა კონკრეტულ ადგილებზე და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ ჰქონდა დაცული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „სვეტისთვის” მშენებლობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დარღვევები არის ორი მიმართულებით.
„ერთი უნებართვო მშენებლობაა. ამ კონკრეტულ კომპანიას არ ჰქონდა მშენებლობის ნებართვა კონკრეტულ ადგილებზე. ისინი ახორციელებდნენ მშენებლობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მეორე დარღვევა არის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და დავიწყეთ უფლებამოსილების შესრულება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41 დადგენილებაში შევიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალაშენებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, კომპანია სვეტს დარღვევების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცა.
„სახანძრო უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ძალიან ცუდია არსებული სიტუაცია. კომპანიას მივეცით გარკვეული ვადა და შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენგან მითითებული დარღვევები. გამოსწორების შემთხვევაში, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერავის მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობები განახორციელოს დედაქალაქში. ჩვენ ვხედავთ სადამდე მივედით და რა მდგომარეობაში ვართ. ამას თავი არ უნდა დავუხაროთ და უნდა ვიყოთ პრინციპულები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.