კახა კალაძე - სრული სიცრუეა, თითქოს ვთქვი - „იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით“
კახა კალაძე - სრული სიცრუეა, თითქოს ვთქვი - „იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით“

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მის ფოტოთი ვრცელდებოდა ე.წ. ბანერი, რომელზეც ყალბი ინფორმაცია იყო დატანილი.

როგორც კალაძემ ვიდეოჩართვაში განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მსგავსი მეთოდებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„მინდა, გაჩვენოთ, თუ როგორ მუშაობს მათი ბინძური პროპაგანდა: ერთი, რომ კანონთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდნენ, ერთი შლეიფი მოაბეს, რომ ვითომ რუსული კანონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე – სოციალურ ქსელში გაავრცელეს რაღაც ბანერი ჩემი ფოტოთი და დააწერეს, თითქოს მე ევროპის მოსურნე ადამიანებს (ჩვენ, ყველას ევროპა გვინდა) საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი – „იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით“. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ვიღაც რომ წაიკითხავდა, შეიძლება, ეჭვი გასჩენოდა, მართლა ვთქვი თუ არა ასეთი რამ. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მითქვამს. ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მოუწოდა ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ.

„მოვუწოდებ ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრების გამოხატვას თვლიან საჭიროდ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.