კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 12-ვე რეკომენდაცია მალე იქნება შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-ვე რეკომენდაცია მალე იქნება შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში.
კალაძის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟია.
„რაც შეეხება ევროპულ მომავალს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და სხვა ქვეყნებს თუ შევედრებით, ყველანაირად წინ ვიყავით, ვისაც სტატუსი მიენიჭა, 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შევასრულებთ. ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 12-ვე რეკომენდაცია ძალიან მალე იქნება შესრულებული, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში. ჩვენ გვითხრეს, რომ ერთად უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. მარტო ხელისუფლებისთვის არ უთქვამთ, გააკეთეთო. სტატუსს როდესაც ვიღებთ ან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ევროინტეგრაციის მიმართულებით და წარმატება გვაქვს, ეს ყველას წარმატებაა. დღეს შეიძლება საქართველოს „ქართული ოცნება“ წარმოადგენდეს, მაგრამ ნაბიჯები, რომლებიც იდგმება და გადაიდგა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ოპოზიციამ არჩია, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყვნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ასოცირების ხელშეკრულება, ბრიუსელში კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღოთ ჩვენს მეგობრებს და შეეფერხებინათ. ეს ყველაფერი მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ. ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი იყო და არა – „ქართული ოცნების“. ამის მიუხედავად, ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.