კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია
კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის რამდენიმე ადგილზე გაკრულ ბანერებთან დაკავშირებით და საკითხზე კომპანია „ალმას“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მერის თქმით, თავად არ იცნობს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია „ალმას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

„შესაბამის სამსახურს თუ ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა ამის გადაკვრა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და კანონს და ყველაფერს ეწინააღმდეგება. ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„იცით, რომ არის საარჩევნო კამპანია, თუმცა მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, თქვენ – ტელევიზიებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას მეტი შინაარსობრივი განცხადებები მივაწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ერთადერთი გადარჩენის საშუალება ამ ომში არის ვაქცინა და აცრის გაკეთება. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ავიცრათ ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კალაძემ.