კახა კალაძე - მოქალაქეები პირბადის გარეშე მგზავრობას თუ შეეცდებიან, ავტობუსი არ დაიძვრება და გამოძახებული იქნება პოლიცია
კახა კალაძე - მოქალაქეები პირბადის გარეშე მგზავრობას თუ შეეცდებიან, ავტობუსი არ დაიძვრება და გამოძახებული იქნება პოლიცია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა არსებობს.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.

„რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვისარგებლოთ პირბადეებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში. კონტროლი იქნება ისე, როგორ აქამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს, თუ ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ დაიძვრება და არ გადაადგილდება, გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.