კახა კალაძე - სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს, ის ყველასია და დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა
კახა კალაძე - სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს, ის ყველასია და დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა

დიდი წარმატების ფონზე, მე როგორც ქართული სპორტის გულშემატკივარი და ამ დიდი ოჯახის წევრი, გაკვირვებას ვერ ვმალავ იმ აგრესიის გამო, რომელსაც ზოგიერთი პირი ავლენს უკანასკნელ პერიოდში ჩვენი საამაყო სპორტსმენების მიმართ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

კახა კალაძე აღნიშნავს, რომ დღეს, ქართულ სპორტს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი წარმატება აქვს. ამასთან კახა კალაძე წერს, რომ სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს და დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, საამაყო სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა.

„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სერბეთის უძლიერეს ნაკრებთან გამარჯვებას, ვულოცავ გურამ თუშიშვილსა და ტატო გრიგალაშვილს დუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალს და ჩვენს რაგბისტებს ბელგიის ეროვნული ნაკრების დიდი უპირატესობით, სანახაობრივი თამაშით დამარცხებას. დღეს, ქართულ სპორტს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი წარმატება აქვს. ბოლო დღეებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, აუცილებლად მინდა ვახსენო, ქართველი ფალავანის, გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ჩვენი საამაყო ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ამყარებს, ასევე მთელს მსოფლიოს აოცებენ და საკუთარი წარმატებით გვახარებენ ჩვენი რაგბისტები, წარმატება გვაქვს წყალბურთში, კალათბურთში, ფეხბურთსა და პრაქტიკულად სპორტის ყველა სახეობაში. ამდენი ოქროს მედალი, ამდენი წარმატება ინდივიდუალურ, თუ გუნდურ სახეობებში, ჩვენზე ბევრად დიდი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებისთვისაც სანატრელია. ჩვენი სპორტსმენები კი საკუთარი ენთუზიაზმისა და თავგანწირვის ხარჯზე ახერხებენ საკუთარ ქვეყანას სახელი გაუთქვან და ომში დამარცხებულ ქვეყანას, სპორტული გამარჯვებები გვაზეიმონ. მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა თავდადება დგას თითოეული გამარჯვების უკან და ისიც ზუსტად ვიცი, რომ თუ გწამს, თუ ძალისხმევას არ იშურებ, ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებ. ქვეყნისთვის საბოლოო, დიდი გამარჯვება კი, სწორედ ასეთ, პატარ-პატარა გამარჯვებებს, სწორედ ასეთ ოქროს მედლებს, სწორედ ასეთ ჩემპიონებს და გამარჯვების იმ დაუვიწყარ შეგრძნებას მოაქვს, რომელიც საკუთარი თავის, ხალხის და ქვეყნის რწმენას გიმყარებს. ჩემი აზრით სწორედ ასეთ დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის ჩვენი საამაყო სპორტსმენები, ისინი ყრიან საფუძველს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებისთვის.

ამ დიდი წარმატების ფონზე, მე როგორც ქართული სპორტის გულშემატკივარი და ამ დიდი ოჯახის წევრი, გაკვირვებას ვერ ვმალავ იმ აგრესიის გამო, რომელსაც ზოგიერთი პირი ავლენს უკანასკნელ პერიოდში ჩვენი საამაყო სპორტსმენების მიმართ. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, კერძო ინტერესების გამო, როგორ შეიძლება ასეთი საზოგადო სიკეთის დაზიანება; როგორ შეიძლება იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელმაც შენი ქვეყანა მსოფლიოში გამოარჩია, შენს ხალხს სიხარულისა და სიამაყის შეგრძნება მიანიჭა, გამარჯვების იმედი ჩაუნერგა. რა თქმა უნდა, ხალხი ბრძენია და ეს მცდელობები, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ჩრდილს ვერ მიაყენებს, მაგრამ ეს ჩრდილს აყენებს ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას. ასეთი მიდგომებით აღარაფერი საერთო, აღარაფერი ხელშეუხებელი აღარ დაგვრჩება და ჩვენი ისედაც ტრავმირებული წარსული, შეიძლება კიდევ უფრო დავამძიმოთ. სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს, ის ყველასია და დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, ოლიმპიური, მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონების დისკრედიტაციის მცდელობა. იმედი მაქვს, ეს ცალკეული, ფრაგმენტული გადაცდომებია და მსგავს განცხადებებს სხვა პოლიტიკოსთა მხრიდან მომავალში აღარ მოვისმენთ. იმედი მაქვს სწორედ ამ ხალხის მიერ მონიჭებული სიხარულის განცდით შევძლებთ დავძლიოთ ყველა ბარიერი, დავამარცხოთ ყველა პრობლემა და ერთად მივიყვანოთ ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე! ჩემი მხარდაჭერა ყველა ქართველ სპორტსმენს და ქართულ სპორტს. ბევრი გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!“ – წერს კახა კალაძე.