კახა კალაძე - სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია არის მაგალითი, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი
თბილისის მერი კახა კალაძე ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დატოვა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
როგორც კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ურბანულ სამსახურში შიდა გადაადგილებები განხორციელდა.
მისი თქმით, ურბანული სამსახური თავიდან შეიქმნა და დაიწყო მუშაობა, აღნიშნულ რეფორმას კი, სათავეში სწორედ რუსუდან მირზიკაშვილი ედგა.
„შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამსახური აეწყო და გამართულად მუშაობს. მინდა, მას მადლობა გადაუხადო ამისთვის. რუსუდან მირზიკაშვილი ჩაიბარებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ცნობილია, რომ გენერალური გეგმის მიხედვით გვიწევს მუშაობა ჩარჩო გეგმებზე. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც უნდა მოხდეს ჩარჩო-გეგმების დამუშავება და აღნიშნული არეალები სწორედ ამის მიხედვით განვითარდეს, რათა არ მივიღოთ შედეგები, რაც თბილისის ბევრ რაიონშია. ერთ-ერთი სამაგალითო არის სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი და კონკრეტული ლოკაცია. შესაბამისად, ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, მისი თქმით, დაწყებულია პროექტი, რომელიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების კონცეფციის შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნულს კი, სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება.
ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად კი, კახა კალაძემ ალექსანდრე ტოგონიძე წარადგინა.
„ალექსანდრე ტოგონიძე დიდი ხანია ჩვენთან მუშაობს. წლების განმავლობაში, მერიაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. ახალგაზრდა ადამიანია და ვფიქრობ, შევძლებთ, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვაროთ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ წარმატებებს“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ გენერალური გეგმის მიღების შემდეგ, მისი აღსრულება და განხორციელება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება.