კახა კალაძე - სომხური თეატრის რეკონსტრუქციის პროექტი ნათელი მაგალითია, როგორ თანამშრომლობენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და საქველმოქმედო ფონდი
კახა კალაძე - სომხური თეატრის რეკონსტრუქციის პროექტი ნათელი მაგალითია, როგორ თანამშრომლობენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და საქველმოქმედო ფონდი

2020 წლისთვის თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც დღეს სამუშაოების მიმდინარეობს გაეცნო.

მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს პროექტის დაფინანსებისთვის.

„შეიძლება ითქვას, რომ სომხური თეატრი თავიდან შენდება, რადგან ის ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

ქალაქს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი და ძალიან მაგარი სივრცე შეემატება. ამ პროექტს ფონდი „ქართუ” ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ახორციელებს. დედაქალაქისთვის ესეც ერთი საჩუქარი და ძალიან მაგარი ადგილი იქნება. ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმები. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს” თანამშრომლობისთვის. ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და საქველმოქმედო ფონდი. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებს.

900-მდე ძეგლის რესტავრაცია აქვს „ქართუს” გაკეთებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით სამი მილიარდის ქველმოქმედებაზეა საუბარი. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება რომ გრძელდება, მისასალმებელია. 2020 წლისთვის სომხური თეატრი მთლიანად დასრულებული იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ფონდი “ქართუს“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაათვალიერეს.