კახა კალაძე - სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროცესში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არასდროს დამიყვია
კახა კალაძე - სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროცესში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არასდროს დამიყვია

არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენ ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში დახმარებების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი წერილი შემოდის. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში აღნიშნული თემით კონკრეტული ტელევიზიებისა და ოპონენტების მხრიდან მანიპულირება ხდება.

„რა თქმა უნდა, არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, როგორც არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი იყოს ქვეყანაში, თუმცა ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ხდება ზოგადად, მსოფლიოში. გვაქვს სერიოზული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, საზოგადობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ძალიან ბევრი წერილი შემოდის დახმარებებთან დაკავშირებით და თითოეული დაავადების ისტორიის, ფორმა 100-ის უკან დგას ადამიანების ცხოვრება, მათი წარსული და მისი ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარში დავუდგეთ მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში თბილისის მერისა და მერიის თანამშრომლების მხრიდან ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფას ადგილი არასდროს ჰქონია.

„ერთი რამ უნდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ როგორც ქალაქის მერი, როგორც თბილისელებისგან არჩეული ადამიანი, ამ პრობლემების მოგვარებაში არასდროს დამიყვია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას გავუწიოთ მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ვარ ყველას მერი. ჩვენი თანამშრომლებიც ზუსტად ამ მიდგომითა და განწყობით არიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და ყოფა. თუ დახმარება იქნება საჭირო, ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით, მაქსიმალურად ყველას შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სტატისტიკური მონაცემებიც წარადგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, 400 000-მდე მოქალაქეს გაეწია დახმარება.

„ამ პროგრამების შორისაა სკრინინგის, აბილიტაციის, ძუძუს კიბოს, ტრანსპლანტაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სათემო სერვისის, ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები; სატრანსპორტო შეღავათი და კომუნიკალური სუბსიდირება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საკურორტო მომსახურება, ბავშვების უფასო სწავლება; ინიციალიზაციის პროგრამა, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების პროგრამა, დღის ცენტრების დაფინანსება, მუნიციპალური თავშესაფრის პროექტი, ვეტერანთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმაზე, რომლის ინიციატორი თბილისის მერიაა. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, იმ ადამიანების პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა.

„პანდემიის პირველი ტალღის დროს ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ვირუსის მეორე ტალღის დროს, მერიის მხრიდან განხორციელებული პროექტის საშუალებით, 18 000 ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები, ბიზნესის მხარდაჭერითა და თანადგომით კი დახმარება 4 200 ოჯახს გაეწია“, – განაცხადა კახა კალაძემ.