კახა კალაძე - სკვერებსა და პარკებში დაზიანდა განათების ბოძები, ხსნიან, იპარავენ დამცავ ხუფებს, მივმართავ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს, უმძიმესი დანაშაულია, რასაც აკეთებთ, საფრთხეს უქმნით მოქალაქეებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში კონკრეტულ ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სკვერებსა და პარკებში დაზიანდა განათების ბოძები. კახა კალაძემ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მიმართა, რომ ეს უმძიმესი დანაშაულია და მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
„ვანდალიზმის ფაქტები ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მტკივნეულია ქალაქისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში ხდება კონკრეტული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულო დაზიანება. ბოლო დღეების განმავლობაში სკვერებსა და პარკებში ზიანდება განათების ბოძები, ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ. ეს ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში კი უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება, დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი და დაყენება, მაგრამ თვითონ ვანდალიზმის ფაქტი არის ძალიან ცუდი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაშიც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თქვენი თანადგომა.
პირველ რიგში, მინდა, მივმართო ვანდალიზმის ჩამდენ პირებს, რასაც თქვენ აკეთებთ, არის უმძიმესი დანაშაული. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს. ასევე, მინდა, თხოვნით მოგმართოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს, გულგრილად ნუ აუვლით გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა. შეგიძლიათ, დაგვირეკოთ მერიის ცხელ ხაზზე ან თქვენივე რაიონულ გამგეობას და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
გამგეობებს მინდა, დავავალო, გაასმაგებული ყურადღებით განაგრძოთ მონიტორინგი და დაზიანებულის აღდგენა. ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული. როგორც დედაქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ვისურვებდი, ასეთი ფაქტები არ ფიქსირდებოდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში საზოგადოებასთან ერთად მოვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას და გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ.
ვანდალიზმის გამოვლენის ყოველი დამადასტურებელი ფაქტი მიეწოდება შესაბამის უწყებას. სამწუხაროა, რომ ძირითადად ვანდალიზმის ჩამდენები გახლავთ არასრულწლოვნები, რაც ძალიან ცუდია. ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენთვის, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. მგონია, რომ მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ. გულდასაწყვეტია, როდესაც დღეს აკეთებ, ალამაზებ და ხვალ და ზეგ ამ ყველაფრის მიზანმიმართული დაზიანება ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.