კახა კალაძე - მერიის ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ მერიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოსა და გაუგებარს უწოდებს.
კახა კალაძე ასევე, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არაერთხელ შედგა.
„სიცრუეა, თითქოს ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია არ იყო. პირადად მე, რამდენჯერმე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიდიოდა კომუნიკაცია. ძალიან გულდასაწყვეტია ის ცინიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მერიის თანამშრომლების მიმართ დაფიქსირდა. ჩვენი მხრიდან არც ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში უამრავი ხარვეზი არსებობს, კონსტრუქციულად ვიქცევით. ამიტომ, მერიის ახალგაზრდა თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქალაქის მომავალს წარმოადგენენ, მხედველობაში მყავს არქიტექტურის, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, შეურაცხყოფის მიყენებას არავის ვაპატიებთ და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. გაისმა ასევე უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, როგორ გაბედა, როგორ გაბედეთ თქვენ ბატონო ილია და ხარვეზები დაადგინეთ. რა დამოკიდებულებაა, დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქს უჯდება 2 მლ 800 ათასი ლარი, ჩვენ არ უნდა წარმოვადგინოთ ხარვეზები და არ უნდა ვისაუბროთ შენიშვნებზე? გაუგებარია დამოკიდებულება, რაც ამ კომპანიის მხრიდან იყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.