კახა კალაძე - სისტემური კორუფცია დავამარცხეთ 2012 წლის შემდეგ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში
სისტემური კორუფცია დავამარცხეთ 2012 წლის შემდეგ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარები კორუფციაზე საუბრობენ.
მისი თქმით, კორუფციის მხრივ ქვედა დონეზე შეიძლება არის გადაცდომები, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს გადაცდომები არ არსებობდეს.
„კორუფცია ყველა ქვეყანაში არის გამოწვევა. სისტემური კორუფცია დავამარცხეთ 2012 წლის შემდეგ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში. ქვეყანაში 2012 წლამდე სისტემური კორუფცია მართლაც იყო და ეს იყო სერიოზული პრობლემა. შეიძლება ქვედა დონეზე არის გადაცდომები და ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გადაცდომები არ არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის მიხედვით, მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოსთვის კვლავ რჩება სერიოზულ საკითხად. ამასთან, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშავოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან სამართალდარღვევების გამოსაძიებლად. ამასთან, მიესალმებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას.