კახა კალაძე - სიმდიდრე, რომელიც თბილისს აქვს, უნდა მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა.
კახა კალაძემ პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა და დედაქალაქისთვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკრეტულ მოედანს წლების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით იცავდა. თბილისი ყოველთვის იყო და არის მრავალფეროვანი ქალაქი. ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს აქვს, უნდა მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. მინდა, გუდიაშვილის მოედნიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს, რესტავრატორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ თითოეულ ეზოს, აივანს, ჭიშკარს მოვუაროთ -შევინარჩუნოთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ჩვენს დედაქალაქს კიდევ უფრო უკეთესს გახდის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მადლობა თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას გადაუხადა.
„მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს, მარტო თბილისის მერია ვერაფერს გააკეთებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა – მხედველობაში მაქვს, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რთულ ბარიერს გადავლახავთ და ძალიან მალე, ჩვენი დედაქალაქი სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის – „ახალი ტფილისი“ ფარგლებში განახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რესტავრირდება 100 წელზე მეტი ხნის ისტორიული ძეგლები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და უბნის საინვესტიციო პოტენციალი, ხოლო დედაქალაქს შეემატება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. ლადო გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.