კახა კალაძე - შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით თუ დამატებით რეგულაციებია საჭირო, შეიძლება, პარლამენტთან ერთად ვიმსჯელოთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
კალაძემ ტყიბულში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება ძალიან ძვირფასია. შესაბამისად, შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებიც გამკაცრდა.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს შემთხვევა და სამწუხაროდ, პირველიც არ არის.
რაც შეეხება შრომით უსაფრთხოების რეგულაციებს, ჩვენ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების ინიციატორი ვიყავით. მოვითხოვეთ, რეგულაციები გამკაცრებულიყო, რადგან ადამიანების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. თუ საჭიროა, კიდევ დამატებით რეგულაციის შემოღება, შეიძლება, პარლამენტთან ერთად ვიმსჯელოთ, რათა რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.