კახა კალაძე - შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდება
თბილისის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია „თბილისური ბაზარი“, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და „რადიო ქალაქის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
„საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „თბილისური ბაზარი“, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი ნამუშევრები გამოიტანონ და გაყიდონ. ასევე, თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია „რადიო ქალაქის“ პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება – კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ. საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს და 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გატარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი ხუთჯერ მცირდება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ფესტივალი neWon გაიმართა.
„ჩვენთვის სიახლეა ღამის ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ვცდილობთ, რომ ეს სფერო გავაძლიეროთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“, „ღამის ავტობუსი“ მოძრაობს, რომელიც მგზავრებს გასართობ და კულტურულ ცენტრებთან აკავშირებს. ასევე, თბილისში პირველად ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი neWon, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვყავდა უცხოელი სტუმრები, სხვადასხვა ქალაქების ღამის ეკონომიკის მერები. მათ შორის, ამსტერდამის მერი. გაიმართა დისკუსია, თუ რა უნდა განხორციელდეს და როგორი უნდა იყოს ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ჩვენ შევძლებთ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას – მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.