კახა კალაძე - შევძლებთ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც ქალისა და კაცის თვითრეალიზება ცოდნით მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილებით
სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, შევძლებთ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქალთა განვითარების კვირეულის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი ოჯახსა და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნებაა.
„ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა არ არის იდეალური და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში, ამ რეალობის სრულყოფამდე მისაყვანად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისა და ძალადობისგან.
ათწლეულებით ჩამოყალიბებული ტაბუს მოხსნა საჭირბოროტო თემიდან, მზაობა და მოტივაცია, რომ სრულყოფამდე და იდეალამდე მივიდეთ, კარგი სტიმულია არა მარტო ქალებისთვის, ადგილი დაიმკვიდრონ ქვეყნისთვის საჭირო პოზიციებზე, არამედ ჩვენთვის, მამაკაცებისთვისაც, ვიყოთ ღირსეული მონაწილეები და ამ პროცესის ხელშემწყობები.
ჩვენი საზოგადოება ფორმირების პროცესშია. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც იქნება თანასწორი უფლებები, სადაც იქნება ხელშეწყობილი ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში, სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზაცია, მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით.
თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახსა და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც“, – განაცხადა კახა კალაძე.