თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა 50-ზე მეტი ჯიშის ხე, რომლითაც მომავალში დედაქალაქის გამწვანება მოხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხეების შერჩევის პროცესში სპეციალისტთა ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი იყო ჩართული.
„დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რითიც განისაზღვრება 50-ზე მეტი ჯიშის ხე, რომლითაც მოხდება თბილისის სამომავლო გამწვანება. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით და მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ცვლილებები არის ტრანსპორტის მიმართულებითაც.
„ თუ ადრე მშენებლობის ნებართვა ისე გაიცემოდა, რომ არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტის ნაკადები, ამ შემთხვევაში ტრანსპორტის სამსახური ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მშენებლობის ნებართვისთვის სავალდებულო იქნება მის მიერ გაცემული დასკვნა.
ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე უკვე საკანონმდებლო დონეზე წარვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რაზეც მუშაობა დაწყებულია საქართველოს პარლამენტთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.