კახა კალაძე - შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გადათვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გადათვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, მას არჩევნები დიდი უპირატესობით აქვს მოგებული.
„შეუძლიათ, გადათვალონ, არანირი პრობლემა არ არის. თქვენ იცით, რომ შესაძლებელია შემთხვევითობის პრინციპით უბნების ამორჩევა და გადათვლა. ასე რომ, საერთოდ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული. ბათილი ბიულეტენი ყოველთვის არსებობს, დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ამიტომ შერჩევით უნდა გააკეთონ გადათვლა. ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის. 11 პროცენტით მოიგო კახა კალაძემ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება კითხვას, ქუთაისსა და ბათუმში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობამ ხომ არ იმოქმედა შედეგებზე, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა.
„არანაირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ოლქები, სადაც 45 ხმა დააკლდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რომ პირველ ტურში გაემარჯვა, ოლქები, სადაც 20-25 ხმა დააკლდა. ვინმეს რაღაცა რომ სდომოდა, იქ, იმ კონკრეტულ უბნებში პირველივე ტურში დამთავრებული იქნებოდა ყველაფერი. ამიტომ დაანებეთ ამ რაღაცებს თავი ნუ მიედ-მოედებით. არის საშუალება, რომ გადაითვალოს ხმები, ამაზე ცესკომაც გააკეთა განცხადება. შესაძლებელია არა ხუთი, არამედ შვიდი უბნის გადათვლა. დამკვირვებელი უამრავი იყო, რაიმე ისეთი რომ ყოფილიყო, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა, რა თქმა უნდა, მოყვებოდა მკაცრი რეაგირება და არ იქნებოდა ის შეფასებები, რაც ეუთო/ოდირისგან მოდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით კითხვას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის ძალაიან დიდი ტყუილი. იგივე სიებით, რასაც თქვენ აპროტესტებდით და დასდევდით, ყველას აქვს ამ სიების ქონის შესაძლებლობა, რაც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს არჩევნების დღეს. ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არანაირი კანონდარღვევა არ არის. მთავარია, არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, დედაქალაქში მხარი დაუჭირეს კახა კალაძეს. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო და ღირსეულად ვესაუბრო ჩემს ქალაქს და განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაზეც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვსაუბრობდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.