თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიკროავტობუსების ჩანაცვლების აუცილებლობას. კალაძის თქმით, მიკროავტობუსების დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„აუცილებლად უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არის უმძიმეს მდგომარეობაში, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გამონაბოლქვის თვალსაზრისით სრული კატასტროფა გვაქვს. ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. ეს პრობლემა მხოლოდ მიკროავტობუსების და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით ვერ მოგვარდება, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, გვინდა, ვაჩვენოთ საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას ვაკეთებთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად იმ პროექტებთან ერთად, როგორიც არის ახალი სკვერების პროექტების განხორციელება, ახალი პარკების შენება, არსებულის რეაბილიტაცია-განახლება. ეს ყველაფერი მოგვცემს იმას, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და ჩვენს შვილებს აღარ ექნებათ ის პრობლემა, რაც ყველას გვაწუხებს – ჰაერის დაბინძურება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ვიცე-მერს დედაქალაქის მთავრობის წინა სხდომაზე დაავალა, ორი კვირის ვადაში წარმოედგინა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ჩანაცვლება. კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია, რომელიც ქალაქს მიკროავტობუსებით ემსახურება, უნდა დაავალდებულონ, რომ მან ავტოპარკი განაახლოს.
„მე ვიცე-მერს დავავალე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია იმ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ლიცენზია აქვს მოგებული და დღეს ქალაქს ემსახურება, დავავალდებულოთ, რომ აუცილებლად შეიცვალოს და განხლდეს მიკროავტობუსები. მიკროავტობუსებსაც საკმაოდ ბევრი მგზავრი გადაჰყავს და გვინდა, ეს მიმართულებაც იყოს მოწესრიგებული“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ მიკროავტობისების მფლობელ კომპანიასთან.
„ერთი კვირაა, ვისმენ მხოლოდ მათ პრობლემებს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ის დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არც ერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა, სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომლებიც საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამას დამატებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები, არის ჩვენს პერიოდში გადასაწყვეტი. გასაგებია მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ეს პოპულარული, თუმცა პრობლემას როცა თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად გაქრება, უფრო დამძიმებული სახით მოითხოვს გადაწყვეტას, ეს პერიოდია ახლა“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა, რომ დარჩენილ ერთ კვირიან ვადას ეფექტურად გამოიყენებს, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმა წარმოადგინოს.
„ამოვდივართ ისევ და ისევ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, მე თქვენი მოცემული ვადიდან ჯერ კიდევ ერთი კვირა დარჩენილი მაქვს და ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ. პირობას გაძლევთ, რომ გეგმას წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების, თუმცა მინდა, ვთქვა, კომპანიასთან რაღაც რაღაცებში მაქვს უთანხმოება, ეს არის ის, რომ კომპანია, როცა აცხადებს, რომ ასეულობით მილიონი ლარის ზარალზე არიან, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან არ არის მიმზიდველი და სასურველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია დღეს ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რა ხარჯებიც მას აქვს. თუმცა ჩანაცვლების რესურსები დღეს კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად, ერთი კვირის თავზე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ კვლავ განმარტა, რომ მიკროავტობუსებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. მესმის, რომ არსებობს ეს პრობლემა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და ერთ-ერთი საუკეთესო. შემიძლია, წავიტრაბახო, როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ავტობუსები. პარალეურად, მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მართლა ძალიან მაგარია, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს. რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები. ასევე მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებლია, გარდა იმ რეაბილიტაციისა, რომელსაც ვახორციელებთ, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით, გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით, რადგან გვინდა, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, რომ ჭერი თავზე ჩამოგვენგრა. ყველაფერი კეთდება ხარისხიანად, ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადგურები იყოს მოწესრიგებული, განახლებული და ადამიანებმა ნორმალურ, ცივილურ და თანამდროვე პირობეში შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსების საკითხზე პირველად 27 ნოემბერს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, შეგნებულად იკავებდა თავს მიკროავტობუსებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, ვიდრე ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის კვლევის შედეგი არ გახდებოდა ცნობილი. მისივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში მიკროავტობუსების როლი, მათი არსებობა მნიშვნელოვანია. თუმცა, მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, სასწრაფოდ დაეწყო აქტიური კომუნიკაცია კერძო კომპანიასთან, რომლის მფლობელობაშიც მიკროავტობუსებია. კალაძის განცხადებით, ორი კვირის ვადაში უნდა იყოს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
კალაძის განცხადებას იმავე დღეს უპასუხეს „თბილისის მიკროავტობუსში“.
„თბილისის მიკროავტობუსში“ განმარტეს, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2011 წელს დაიწყეს და გეგმის მიხედვით, შვიდი წლის თავზე ავტოპარკი სრულად უნდა განახლებულიყო. თუმცა „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის, დავით ასანიძის თქმით, იმ პერიოდში დოლარის კურსი დაახლოებით, 1.65-ს შეადგენდა და მათი ბიზნეს გათვლაც ამ კურსზე იყო. „თბილისის მიკროავტობუსის“ გენეალური დირექტორის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი 10 ან 20 პროცენტზე მეტად რომ არ შეცვლილიყო, 2018 წელს ყველა სამარშრუტო ტაქსი განახლდებოდა.
დავით ასანიძე ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც, მისივე განმარტებით, კომპანიას დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, ავტოპარკის განახლებას ხელი შეუშალა. „თბილისის მიკროავტობუსში“ პრობლემების არსებობა არ უარყვიათ. ასანიძის თქმით, მიკროავტობუსები მართლაც ამორტიზირდა, დაძველდა და გამოცვლას საჭიროებს. თუმცა, დავით ასანიძემ განმარტა, რომ პარკის განახლება მხოლოდ მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი.