კახა კალაძე - „შალიკოს ფანჩატური“ გვინახავს, იკრიბებოდნენ, მოილაპარაკებდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა, იგივე ხდება დღეს, ხვალ და ზეგაც განმეორდება
სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები ადრეც გამართულა, „შალიკოს ფანჩატურში“ იკრიბებოდნენ, რაღაცებს მოილაპარაკებდნენ, გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, თითქოს რაღაცაში გაიმარჯვეს.
„სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი, ილაპარაკონ ერთმანეთში და იყვნენ. არ გინახავთ მსგავსი მოლაპარაკებები? „შალიკოს ფანჩატურში“ შეიკრიბებოდნენ, რაღაცებს მოილაპარაკებდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება დღეს და ხვალ და ზეგაც იგივე განმეორდება. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კალაძემ.