კახა კალაძე - საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ ნიკა მელია და გვარამია, რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენს ქვეყანაში არ არის
როგორ შეიძლება, კონკურენტად აღიქვა ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ ერთი ან ორი პროცენტი მიიღოს? ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, ექნებათ პრობლემა ბარიერის გადალახვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია საზოგადოებას ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები, რადგან მათზე მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი იციან.
„დღეს შეიძლება აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან, თუმცა მელია რომელი ახალია ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს ამ ადამიანებმა თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით, სიბინძურით. თუ რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადრო, მოიფიქრო, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთო, ყველა გაკეთებული აქვთ. ახლა რომ დავიწყო ამის მოყოლა, შეიძლება იმდენ ხანს გაგვიგრძელდეს, რომ ვერ დავამთავროთ საუბარი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, შეფასებები გაკეთებული აქვს, ვინ რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენს ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა კალაძემ.