კახა კალაძე - საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხდებოდა 2012 წლამდე, თუმცა გარედან სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურად ფასდებოდა, ხალხმა კარგად იცის, ორმაგი სტანდარტები და რეალობა
საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხდებოდა 2012 წლამდე, თუმცა გარედან სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურად ფასდებოდა, საზოგადოებამ კარგად იცის, ორმაგი სტანდარტები და რეალობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება, როგორც ყველა არჩევნებზე, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მტრებს შესაბამის პასუხს გასცემს.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ოპოზიცია რა მდგომარეობაში იმყოფება, ეს რადიკალები, შეგიძლიათ გვარამიას ჰკითხოთ და გვარამია გეტყვით, მაგან იცის რეალური მდგომარეობა, სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია. კარგი შეფასებები აქვს გაკეთებული და იქ არიან ნამდვილად. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოში დემოკრატია ვითარდება. დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. დაცულია ადამიანის უფლებები, დღეს ბიზნესი არ რეკეტდება, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როდესაც ეს რადიკალები, დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას რომ წარმოადგენენ და, რეალობაში, სააკაშვილის წიაღში აღმოცენებული ინდივიდები არიან, ყველას თავისი ფუნქცია რომ ჰქონდა მისი მმართველობის პერიოდში და აუბედურებდნენ ხალხს. საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხდებოდა მაშინ, თუმცა გარედან შეფასებები იყო, რომ დემოკრატიის შუქურა იყო ვითომ ეს ყველაფერი. ორმაგი სტანდარტი და რეალობა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ როგორც ყველა არჩევნებზე, საზოგადოება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მტრებს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.