კახა კალაძე - საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ გაიქცა დებატებიდან, როდესაც მელიამ ისტერიკა მოაწყო
მგონი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ გაიქცა დებატებიდან, როდესაც მელიამ ისტერიკა მოაწყო, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, გაურბის თუ არა ის სინამდვილეში ნიკა მელიასთან დებატებს, რადგან ნიკა მელია ფიქრობს, რომ კახა კალაძე მასთან დებატებს გაექცა.
„საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ გაიქცა დებატებიდან. ნიკა მელიამ ისტერიკა მოაწყო, როცა მერობის კანდიდატები ვიყავით შეკრებილი და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისი საარჩევნო პროგრამა წარმოედგინა. ეს ადამიანი შემოვიდა სიძულვილის ენით, შეურაცხყოფებით, გაიქცა და თქვენი, პირველი არხის მიკროფონებიც გაიტაცა, რომელიც მე მგონი, არც დაუბრუნებია. ის ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა და შემდეგ, უცებ, ადამიანი, რომელსაც თბილისზე არანაირი ხედვა და პროგრამა არ ჰქონია, მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გამოდის და დებატებს ითხოვს. აი, მითხარით, რაზე უნდა ვესაუბრო მას, მიხეილ სააკაშვილზე, თუ რაზე?“, – განაცხადა კალაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია და გამარჯვების შემთხვევაში აპირებს თუ არა საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობის“ ფრთასთან თანამშრომლობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ამის მცდელობა ჰქონდა 2017 წელს, როცა ოპონენტებს ქალაქთან დაკავშირებით ხედვების წარმოდგენა და თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური შოუების დადგმით შემოიფარგლა და თუ ამ პარტიის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ნორმალურ და ცივილურ ფორმებში იქნება, თანამშრომლობისთვის დღესაც მზად არის.
„გინდათ ცივილური ურთიერთობა და დამოკიდებულება? ამისთვის კახი კალაძე ყოველთვის მზად იყო და გადადგმული ჰქონდა ნაბიჯები. მე ახლაც მზად ვარ. თუ საკრებულოში ეს იქნება ნორმალურ და ცივილურ ფორმებში, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პარტიებიც იქნებიან წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.