კახა კალაძე - საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს, ამიტომ ოპოზიციას არც პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გამოუვა
ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ქმედებები, კონკრეტული პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ჩანაწერს ლგბტ ორგანიზაციების Zoom შეხვედრიდან, სადაც დაიგეგმა მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ კამპანია.
მისივე განმარტებით, მსგავს რადიკალურ ქმედებებს აზრი არ აქვს, რადგან ქართველი ხალხი ყველას და ყველაფერს კარგად აფასებს.
„მიჩვეულები ვართ ამგვარ რადიკალურ ქმედებებს. მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა. საზოგადოებამ შეაფასა, ვინ ვინ არის, რა ნაბიჯებს დგამს, დაფინანსებებს რომ იღებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რისკენაა მიმართული. ქვეყნის განვითარებას, კულტურას, სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან. ახლა პოლიტიკოსებზე გადავიდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ. ეს არ გამოუვათ, რადგან მთავარია მოსახლეობა, რომელიც კარგად აფასებს ყველას და ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.