კახა კალაძე - მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ამაში ვერ დავეთანხმები
კახა კალაძე - მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ამაში ვერ დავეთანხმები

გუშინდელ ფაქტზე ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ამაში ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

„საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის არსებობაზე. ამაში ვერ დავეთანხმები“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ღამის ეკონომიკა და კლუბური სცენა, რომელიც არის წარმატებული, აუცილებლად განვითარდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან იქნება თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა.

ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც აქვს ჩვენს დედაქალაქს. თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის სამწუხარო. არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ვთავაზობ ყველას, ჩემო დებო და ძმებო, ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ვაფასებ. მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკსა და ნარკორეალიზატორებს.

ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას. ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს. ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები. დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გამოსული არიან, ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.