კახა კალაძე - საუბარი, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და მერიამ ნებართვა გასცა, სიცრუეა
კახა კალაძე - საუბარი, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და მერიამ ნებართვა გასცა, სიცრუეა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დიღმის ტყე-პარკს საფრთხე არ ემუქრება და მერია იქ მშენებლობებს არ აპირებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება და გადავწყვიტე, მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე, თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე და არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. დღეს ამ ტერიტორიაზე არის „კიას“ ცენტრი. რამდენიმე თვის წინ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელები შემოვიდნენ წინადადებით და მათ არსებული ცენტრის რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდათ და უნდოდათ, რომ განახლებული ავტოტექმომსახურების სადგურის პროექტი განეხორციელებინათ. ჩვენი მოთხოვნა იყო მესაკუთრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ ფორმა შეგვეცვალა ამ ყველაფრისთვის და რაიმე სხვა პროექტი განხორციელებულიყო. მივაღწიეთ შეთანხმებას, თავად მეპატრონეებიც დაგვეთანხმნენ, რომ აქ განხორციელდეს სხვა პროექტი, კერძოდ, დასასვენებელი სივრცე, ორანჟერიის სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება ზუსტად იგივე მოცულობით, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი „კიას“ ცენტრი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბარი, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე დედაქალაქის მერიამ გასცა ნებართვა, არის დიდი ტყუილი.

„დიღმის ტყე-პარკთან მიმართებით ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს და რაც შეიძლება მეტი ხე-მცენარეები დაირგოს. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება, ხორციელდება პროექტი, რომელიც არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისი სარგებლობის საშუალება. დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელ სივრცედ”, – განაცხადა კალაძემ.