კახა კალაძე - სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა
პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოდიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა, ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა.
„იყო, უბრალოდ, პიარკამპანიის ნაწილი, მაშინ ასე აწყობდათ, რომ ის პოლიტიკაში არ ერეოდა, არადა, რეალურად, მას ამის უფლება კანონით არ აქვს, რადგან ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად არასდროს ყოფილა დაშორებული პოლიტიკისგან.
ჩვენ მოვისმინეთ, ვნახეთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და მილიონობით თანხა დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა, დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკოსები. მე მაინტერესებს პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა, ახლა მათ კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.