კახა კალაძე - საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, თუმცა ადამიანს თუ აქვს ჩადენილი დანაშაული, პასუხი უნდა აგოს
საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც დღეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანს თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს.
„ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი, ამიტომ გამიჭირდება დეტალებში შევიდე და რაიმე განცხადება გავაკეთო, თემას არ ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს. არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ ასეა ნებისმიერი ადამიანი. თუმცა, თუ პიროვნებას აქვს ჩადენილი დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.