კახა კალაძე - საქართველოში დღეს განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია
საქართველოში დღეს განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული ზღვარი და პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, თუმცა ყველაფერს თავისი წესი აქვს.
„ძირითადად, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე სიძულვილზე და ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა მედიაპლურალიზმი არის მნიშვნელოვანი, სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განსხვავებით იმ წლებისგან, როცა ეს შეზღუდული იყო. თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი. პირადი შეურაცხყოფები მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მაგალითი იმისა, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა დასრულდეს და აღარ იყოს.
„მერე რა, რომ საარჩევნო კამპანიაა, ყველაფერს აქვს თავისი წესი. არსებობს ჩარჩოები, რომელშიც ყველა უნდა მოვექცეთ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი არიან ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყვნენ 2012 წელს. 2012 წლის შემდეგ, მსგავსი შეურაცხმყოფელი კამპანია არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს.