კახა კალაძე - საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით საერთო სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ოჯახისთვის, იყოს მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა
გილოცავთ ახალ 2023 წელს, გამარჯვებები, წინსვლა, ბედნიერება, სიხარული არ მოგკლდებოდეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო მილოცვის დროს განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველაზე ძვირფასი, ყველზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა.
„მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს. მინდა, მივესალმო უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ჩვენს აფხაზებს, ოსებს. დღეს საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით საერთო სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ოჯახისთვის. დაე, იყოს მშვიდობა, სიყვარული, მეტი პატივისცემა ადამიანებს შორის, კეთილდღეობა. დღეს ამ სცენიდან, ამ ტოლერანტული, მრავალი ჭირ-ვარამის მნახველი, მაგრამ მაინც სიყვარულით, სიცოცხლით სავსე ქალაქიდან, მინდა, მოგილოცოთ ახალი, 2023 წლის შემობრძანება.
მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ მშვიდობა. დღეს მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მინდა, რომ 2023 წელი იყოს კიდევ უფრო წარმატებების მომტანი, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის, სიყვარულით სავსე ახალი წელი. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას, მხნეობას, სულიერ სიმშვიდეს და დარწმუნებული ვარ, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ემსახურება ხალხს, ემსახურება ჩვენს ქვეყენას და განსაკუთრებით მინდა, მივულოცო მათ.
ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს სურვილები ხდებაო და მოდი, ნამდვილი დღესასწაული ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. ჯანმრთელობა ვუსურვოთ, ვინც დღეს საახალწლო სუფრას ვერ მიუჯდა. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, ახალ 2023 წელს, გამარჯვებები, წინსვლა, ბედნიერება, სიხარული არ მოგკლდებოდეთ. მიყვარხართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.